სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ... | პუტინის სახელმძღვანელო - როგორ გავანადგუროთ თავისუფალი სიტყვა, რომელსაც ოლიგარქი საქართველოში ასრულებს

გამოქვეყნდა:

ენ-ტე-ვეს შტურმის ღამე - 2001 წელი - მარიანა მაქსიმოვსკაია: "ახლა მერვე სართულზე ვარ, თავიდან არ მიშვებდნენ, მითხრეს რომ დროებით გათავისუფლებული ვარ წამყვანის მოვალეობების შესრულებისგან"

2001 წლის 14 აპრილის ამ ჩანაწერსა და 2025 წლის 4 თებერვალს,  ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მიერ  გასაჯაროებულ წერილს შორის- რომ ის  მოამბის წამყვანობიდან "დროებით" ჩახსნეს -პარალელების გავლება გარდაუვალია. 

2001- სა და 25 -ს შორის სხვაობა 24 წელია, მაგრამ სულ უფრო მცირეა დღეს უკვე სხვაობა პუტინის რუსეთსა და ივანიშვილის საქართველოს შორის.

ივანიშვილის სახელმძღვანელო პუტინმა დაწერა და მასში ენ-ტე-ვეს განადგურება დიდი და მსუყე თავია. 1993 წელს კრემლის გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეარხი სახელისუფლებო პირველი არხიდან წამოსულმა რამდენიმე ჟურნალისტმა, ევგენი კისილიოვის ხელმძღვანელობით შექმნა. ფინანსური დახმარება მათ რუსმა ბიზნესმენმა ვლადიმირ გუსინკიმ გაუწია. სულ რამდენიმე თვეში და შემდეგ უკვე წელიწადში -ენ-ტე-ვე ქვეყნის მთავარ არხად გადაიქცა. 

ყველაზე მწვავე ანალიტიკური გადაცემით "იტოგი" - რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა, "დამოუკიდებელი გამოძიებით",  რომელიც უკვე 2000-იანებში სულ უფრო ღიად იტყვის და დაადგენს რომ მრავალსართულიანი სახლების აფეთქებების სერიისა და უცნაურად მოხშირებული ტერორისტული აქტების უკან ეფ-ეს-ბესა და პუტინის კვალი იკვეთება, პარფიონოვის - "ნამედნი"- საბჭოთა წარსულის შესახებ, რომელიც აღმოჩნდა რომ დანაშაულებრივი იყო და, რა თქმა უნდა, ახალი ამბები-"სევოდნია" , რომელიც კრემლის ყველაზე დიდი თავის ტკივილი გახდა. 

ენ-ტე-ვეს ჟურნალისტები ჩეჩნეთის პირველი ომის დროს აჩვენებდნენ იმას, რაც ყველა სხვა არხზე დამალული და აკრძალული იყო. აჩვენებდნენ ომს, რომელშიც მოსკოვი მხარე იყო. 

2000-იანებში ენ-ტე-ვე ყველა სხვა სახელისუფლებო არხის ყურებადობას რამდენჯერმე გადაუსწრებს და ხელისუფლების კრიტიკაც წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავეც და მწარეც იქნება. ამ არხზე მუშაობს ვიქტორ შენდეროვიჩი, "თოჯინების" შემქმნელი, რომელიც განსაკუთრებით აღიზიანებს პუტინს, ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც შემდეგ  ორჯერ მოწამლავენ. 

სახელისუფლებო ვერტიკალში პუტინის მოძლიერებამდეც, თავისუფალი ენ-ტე-ვეს არსებობა კრემლის ინტერესებში აღარ შედის. ხან გარყვნილების პროპაგანდისა და ხან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დუმა ცდილობს კანონმდებლობა ენ-ტე-ვეს დახურვას მოარგოს.

პუტინის პირველი ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში პირველი დარტყმა სწორედ ენ-ტე-ვე-ზე მოდის.  2000-იანებში პუტინს ერთი ხელის მოსმით მედია გიგანტის დახურვა ჯერ კიდევ არ შეეძლო, ამიტომ გამოსავალი ე.წ. კერძო პირებს შორის დავა აღმოჩნდა. ფინანსური პოლიციის რეიდებს, მალევე მოყვა არხის დამფუძნებლის დაკავებები, ბოლოს კი ენ-ტე-ვეს მთავარი კრედიტორის -სახელისუფლებო "გაზპრომის" სასარგებლოდ დავის გადაჭრა და მფლობელთა ცვლილებები.  იყო მხარდამჭერი აქციებიც - "ენ-ტე-ვეს არ მოგცემთ" , იყო ჟურნალისტთა პროტესტიც, მაგრამ ბოლოს არხიდან ჟურნალისტები წავიდნენ, ენ-ტე-ვე კი იმ დღიდან კრემლის მორჩილებაში მყოფ პირველ არხსა და ერ-ტე-რს შეურთდა. 

 რომან დობროხოტოვი- "ინსაიდერის" მთავარი რედაქტორი:  

ენ-ტე-ვეს მხარდამჭერ აქციებში რომ ვმონაწილეობდი მაშინ 17 წლის ვიყავი, 25 წლის წინ იყო ეს და ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ რუსულმა საზოგადოებამ პუტინთან ეს ომი წააგო.  წააგო არა იმიტომ რომ მაშინ მძლავრი რეპრესიები იყო, არა. იმიტომ რომ ეგონათ, რომ ეს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი. შემდეგ ყოველ წლიურად რეპრესიები სულ უფრო გაღრმავდა. ენ-ტე-ვეს გაქრობით გაქრა ფანჯარა, რომელშიც შეიძლებოდა რეალობის დანახვა და თუ შენი მაკონტროლებლები აღარ არიან შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც გინდა. წლების შემდეგ,  უკვე 2012-13 წლებში როდესაც მრავალათასიანი აქციები იმართებოდა, უკვე გვიანი იყო. რეჟიმს ყველა მედიაზე ჰქონდა კონტროლი დამყარებული. სულ რომ მილიონი ადამიანი გამოსულიყო, ამას მაინც არავინ გააშუქებდა, არავინ დაანახებდა მრავალმილიონიან ქვეყანას რა ხდებოდა მის გულში, ამიტომაც ეს ომი პუტინმა მარტივად მოიგო. ცენზურის ერთ-ერთი მიზანი ხომ ეს არის --- ხალხმა ვერ დაინახოს რამდენნი არიან !

 2019 წლის 21 აგვისტო - თბილისი. ქვეყნის ყველაზე დიდ  ოპოზიციურ არხს  რუსთავი ორს- ჟურნალისტები ტოვებენ.  ე.წ. დავა კერძო პირებს შორის 2017 -ში დაიწყო. ფინანსური პოლიციის რეიდებს, უკვე მოგვიანებით სასამართლო პროცესები მოჰყვება. იყო აქციებიც- რუსთავი 2 ჩემია- იყო ჟურნალისტთა პროტესტიც, მაგრამ ბოლოს არხიდან ჟურნალისტები წავიდნენ, რუსთავი ორი კი ხელისუფლების მორჩილებაში მყოფ პირველ არხსა და იმედს შეუერთდა. 
....
ენ-ტე-ვედან წამოსული გუნდი რამდენიმე თვეში ახალ არხს- ტვ6-ს ქმნის, იგივე კისილიოვის ხელმძღვანელობით. არხის პოპულარობა და გავლენა სულ მალე პუტინისთვის შემაწუხებელი ხდება. ენ-ტე-ვეს გამოცდილება ახლა უკვე პრეცედენტია და ტვ6-ის დახურვაზე დიქტატორს ბევრი ფიქრი აღარ სჭირდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი გახსნიდან ერთ წელიწადში ითიშება, პირდაპირი ეთერის დროს. წლების შემდეგ მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ბორის ნემცოვს ეტყვის, რომ ბრძანება პირდაპირ პუტინისგან მოვიდა. კიდევ ერთ წელიწადში იგივე გუნდი ტვ-ეს-ს შექმნის - უკანასკნელ მცდელობას რუსეთში დამოუკიდებელი არხის არსებობის. არხი ფინანსურ კრიზისშია, კომპანიებს რეკლამის განთავსების გამო დევნიან, იწყება სასამართლო დავა და ტვ-ეს-ი ერთ წელიწადში იხურება. 

პარალელი -  2019 -ში რუსთავი ორიდან წამოსული გუნდი რამდენიმე კვირაში ორ დამოუკიდებელ არხს- "მთავარ არხს" და "ფორმულას" ქმნის. არხების პოპულარობა და გავლენა მალევე ივანიშვილისთვის შემაწუხებელი ხდება. რუსთავი -2 ის გამოცდილება ახლა უკვე პრეცედენტია- "მთავარის" და "ფორმულას" მოშორება დიქტატორისთვის უფრო მარტივია. უკანონოდ აპატიმრებენ "მთავარის" გენერალურ დირექტორს- ნიკა გვარამიას, სასამართლო დავას იწყებენ "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ.  ორივე არხი უმწვავეს ფინანსურ კრიზისშია, კომპანიებს რეკლამის განთავსების ეშინიათ, სახელისუფლებო წნეხი კი უპრეცედენტოდ მაღალია. ახლა ეს ისტორია მიმდინარე რეალობაა და სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ამ სიუჟეტს სწორედ მთავარ არხზე უყურებთ -უბრალოდ შეხსენება- დღეს 2025 წლის 8 თებერვალია , ანუ დიქტატორის კალენდარით პუტინის რუსეთის 2003 წელი. 22 წლიანი სხვაობით იგივე სცენარში ახლა საქართველოა. 

დამოუკიდებელი ტელეარხების დახურვიდან ერთ წელიწადში პუტინმა ომი ბეჭდურ მედიას გამოუცხადა. ერთ-მეორეს მიყოლებით დამოუკიდებელი გაზეთების რედაქციებში მიმდინარეობდა რეიდები, წნეხი ჟურნალისტებსა და მფლობელებზე. 2006 წელს პუტინის პოლიტიკისა და ჩეჩნეთის ომის მთავარი კრიტიკოსი, ნორდ-ოსტის ტერაქტის  გამომძიებელი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს. 2006-დან 2012 მდე ცალკეული გაზეთებისა თუ ონლაინ გამოცემების დევნით დაღლილი დიქტატორი გადაწყვეტილებას იღებს - კანონი აგენტების შესახებ- რუსული კანონი, რომელიც ტოტალური რეპრესიების დასაწყისია. 

2024 ში ოცნების პარლამენტმა  პროტესტის ფონზე გაწვეული რუსული კანონი შემოაბრუნა და მიიღო. რუსეთში კი ამ დროისთვის უკვე სულ სხვა რეალობა დგას. 2012 -დან უკვე დიდი ხანია აკრძალულია დამოუკიდებელი გაზეთები, 2014 -ში ყირიმის ანექსიის დროს საკაბელო მაუწყებლიდან გათიშულია დამოუკიდებელი არხი დოჟდი, ლიკვიდირებულია ერ-ბე-კა და გავლენის ქვეშ არის მოქცეული "ეხო მასკვი". 2021 ში აგენტებად არიან გამოცხადებული მედუზა,  ნოვაია გაზეტა და ინსაიდერი. ჟურნალისტებს ქუჩებში აკავებენ და სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ. 

2022-ში უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ბოლომდე აიკრძალება.  კანონის ძალით აიკრძალა ტელეარხი დოჟდი და რადიო -ეხო მასკვი. ასობით ჟურნალისტი ქვეყანას ტოვებს და დღემდე ემიგრაციაშია. ზოგიერთი ომის პროტესტის ნიშნად ტოვებს სამთავრობო არხებსაც და სამუდამოდ ემშვიდობება სამშობლოს.

პუტინის სახელმძღვანელო, რომელსაც რუსი ივანიშვილი კითხულობს დღეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა, თუმცა ივანიშვილის ერთი გარემოება უშლის ხელს.

პუტინს ამ ყველაფრისთვის 25 წელი დასჭირდა, ივანიშვილი კი ჩქარობს. სანამ ჯერ კიდევ არ გავუთიშივართ იცოდეთ, რომ ივანიშვილის პარლამენტი ახალ კანონს იღებს - მედიის ცენზურისთვის და თითოეული სიტყვის გაკონტროლებისთვის. 

ავტორი: ზურაბ პეტროსიანი

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი