
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ოლიგარქი მას რუსთავი2-ის ფორმალურ მფლობელობას და ფულის გამტარის როლის შესრულებას სთავაზობდა, რაზეც ის არ დათანხმდა. ბაჩიაშვილმა P.F-ში ჩართვისას ამ შეთავაზების პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს სასამართლოებში რუსთავი2-ის საქმეზე ვერდიქტის გამოტანამდე ხდებოდა.
"ეს ხდებოდა საქართველოს სასამართლოში ვერდიქტის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, და უნდოდა შეერჩია ბიზნესმენნი, ვინც ფორმალურად აიღებდა მფლობელობაში რუსთავი 2-ს და სინამდვილეში ის იქნებოდა ივანისვილის ბრძანების ქვეშ და შეასრულებდა რუპორის როლს. ტელევიზიას დააფინანსებდა ივანიშვილი, ტელევიზიის მუშაობაზეც და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი იქნებოდნენ სხვა პირები და მე უნდა შემესრულებინა შირმის როლი. უნდა ვყოფილიყავი ფორმალური მფლობელი და ფულის გამტარი, ისიც მითხრა, ბიზნესმენი ხარ, ფულიც გაქვს და ხალხს კითხვა არ ექნება, რომ ტელევიზიის შენახვა შეგიძლიაო." - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. მისი თქმით, ის არც მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში არ ელოდება სამართლიან განაჩენს და მზადაა თავისი უდანაშაულობა სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცოს.
"მე აქ არაფერს მოველი, მე მზად ვარ წავიდე სტრასბურგში, მაქვს ყველანაირი მტკიცებულება ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ივანიშვილი იყენებს მთელ თავის კორუფციულ მანქანას ჩემს წინააღმდეგ. ჩვენი უთანხმოება დაიწყო უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც მე მას უარი განვუცხადე ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაზე. ივანიშვილისთვის გახდა ცხადი, რომ მე მას არ მივყვებოდი ამ თამაშში, მისთვის გავხდი ერთგვარი პრობლემა, შენებელი მოქმედების ბომბი, რომელსაც ჰქონდა სახსრები, რომ დაეფინანსებინა ოპოზიცია, სხვადასხვა პროცესები და მედიები, მე გავხდი არასასურველი ადამიანი დიდი რესურსებით და მაშინ დაგეგმა და გადაწყვიტა ეს გამოძალვის ოპერაცია ჩემს წინააღმდეგ, ეს ჩვეულებრივი რეკეტია."- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედევება. ბრალდების განცხადებით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.