"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ოლიგარქის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაჩქარებული წესით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რეალურად სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების გაგრძელებაა.
საია იმ სასჯელების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც მკაცრდება და რომლებსაც დამამძიმებელი გარემოებები ემატება:
"1. შემოთავაზებული ცვლილებებით, მკაცრდება სასჯელის სახე და ზომა სსკ-ის 2391 მუხლის პირველი ნაწილისთვის, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს და სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გარდა შესაძლებელი ხდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, 2021 წლის 5 ივლისს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ინტერესი არათუ ზემოთ ხსენებულ მუხლზე სასჯელის დამძიმება, არამედ აღნიშნული ქმედების შემადგენლობის გამოკვეთაც კი არ ყოფილა. ამას ცხადყოფს საიას არაერთი მიმართვა და ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ „5 ივლისის მოვლენებს წინ უსწრებდა ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების და სხვა წევრების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5 ივლისსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას წარუდგინა დასაბუთებული პოზიცია, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ, შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევდა, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.”
2. მკაცრდება სასჯელი სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და ნაცვლად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა წესდება ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამ დანაშაულის არაერთგზის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა და სასჯელის ოდენობა თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე განისაზღვრება. შენიშვნის მიხედვით, კი დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამავე (სსკ-ის 353-ე) მუხლით ან სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ცვლილება პირველ ნაწილთან მიმართებით ცვლის დანაშაულის კატეგორიას და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულიდან მას აქცევს მძიმე კატეგორიის დანაშაულად.
3. რაც შეეხება სსკ-ის 3531-ე მუხლს - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, დაემატა მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები: ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, გახდა მაკვალიფიცირებელი გარემოება და რასთან მიმართებითაც გამკაცრებულია სასჯელებიც. მოცემულ ნაწილში კანონმდებელმა გააფართოვა და არა განჭვრეტადი გახადა რა შეიძლება იყოს სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალება.
4. სისხლის სამართლის კოდექსს ემატა სრულიად ახალი შინაარსის დანაშაული სსკ-ის 3532-ე მუხლის სახით, რაც გულისხმობს - საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენას, რომლისთვისაც საკმაოდ სოლიდური სასჯელებია შემოთავაზებული. მაგალითად, ზემოჩამოთვლილ პირებზე ძალადობის მუქარისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. ეს ძალადობის მუქარა თუ არის არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვანის თანდასწრებით ან აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით მაშინ სასჯელი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ზემოჩამოთვლილ პირებზე თავდასხმას კანონმდებელი ოთხიდან შვიდ წლამდე სასჯელს უწესებს, ხოლო თუ რომელიმე დამამძიმებელი გარემოებაცაა სახეზე (არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვანის თანდასწრებით ან აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით) მაშინ სასჯელი კიდევ უფრო მკაცრია და ხუთიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
5. ამასთან საყურადღებოა, რომ ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე მუხლს (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) დაემატა, შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ ამ მუხლების მიზნებისთვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2025 წლის 2 თებერვალს თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის გამართვამდე ერთი დღით ადრე, პროტესტის ჩახშობის მიზნით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხსენებული მუხლის მიზნებისთვის განისაზღვრა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი. 4 აღნიშნული ცვლილებებით მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის კრიმინელიზება. ამასთან სსკ-ის 222-ე მუხლში შენიშვნის არქონა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში განსაზღვრავდა მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაზე მითითებას, არ ყოფილა შემაფერხებელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელმაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების საფუძველზე Tbilisi Mall-ის მიმდებარედ გამართულ აქციაზე დაკავებულ 8 პირს სსკ- ის 19-222-ე მუხლით წარუდგინა ბრალი.
საია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში მთავრობის დადგენილების საფუძველზე შესული ცვლილებების პარალელურად, აფასებდა მუხლის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საშიშროებას და აღნიშნავდა, რომ დემონსტრანტების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ახდენს კანონის ინსტრუმენტალიზებას, რითაც კიდევ უფრო ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს.
მათ შორის, აწესებს გარკვეული ქმედებების კრიმინალიზებას, რაც საზოგადოების დაშინებას და მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ყველა ფორმით ჩახშობის მიზანს ემსახურება", - წერია ინფორმაციაში.