ოლიგარქის სასამართლოში, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
სხდომაზე რეჟიმის პატიმარი სიტყვით გამოვიდა და იმ ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარაცხყოფაზე ისაუბრა, რომელსაც მას საპოლიციო ძალები დაკავების წუთიდან აყენებდნენ.
"მე მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების შესახებ, რაც ჩემი დაკავებიდან მალევე მოხდა. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა არის ყალბი. მე საერთოდ სხვა ადგილას დამაკავეს და ოქმში წერია, რომ მე ვიყავი მისული მოწმის სტატუსით განყოფილებაში ღამის 4 საათზე - დროშიც აცდენაა. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, რა დროსაც მამაჩემთან ერთად ვიყავი. როდესაც გამაჩერა პოლიციამ, მე მათ დავემორჩილე. როდესაც ვიკითხე, რატომ? მიპასუხეს, რომ "გეტყვით". მე მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. მე მოვითხოვე ჩაერთოთ სამხრე კამერები, ესეც არ გაითვალისწინეს. მე ვთხოვე მამაჩემს, რომ ადვოკატისთვის დაერეკათ, რა დროსაც მამაჩემს პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა დარეკვა.
მე წამომიყვანეს ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით, სადღაც გორთან გადამსვეს შავი სედანის მანქანაში, უკვე სხვა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხთან - 4 პოლიციელი იყო. ჩამომიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში. მანქანაში მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე მუქარა გაუპატიურებით. შემდეგ ჩამომიყვანეს და მომხსნეს ბორკილები და მითხრეს: "შენ ხარ ახლა მოწმის სახით დაბარებული და რამე რომ არ გე*ლევა, მაგიტომ დაგაკავეთო. მე საშვით შემიყვანეს. არ ვიცოდი მოწმის სახით თუ ვიყავი, რომ მცოდნოდა არ მივიდოდი და სასამართლოში დაკითხვას მოვითხოვდი.
შემიყვანეს ოთახში, იქ მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება, მოვითხოვე ადვოკატი და დამცინეს. შემდეგ, შემოვიდნენ ფორმაში ჩართული ნიღბიანი პოლიციელები, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. 4 ნიღბიანი შემოდის, ვინც ოთახში იყვნენ გადიან და კეტავენ კარებს. ამ დროს იწყება ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც ნახევრად გათიშული ვიყავი დივანზე, ერთ-ერთი დამახტა.
შემდეგ, შემოდიან ვინც თავიდან იყვნენ - გაჰყავთ ეს 4 ნიღბიანი და მეუბნებიან - კიდევ გავიმეორებთ. არ ვიცი რას ითხოვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მე მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი. შემომიტანეს პარკი, რომ შიგნით მერწყია და მომაწოდეს წყალი.
მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ. გამოვყავარ შემდეგ ამ ხალხს და მე-8 სართულზე ავყავართ. გზაში ვიღაც გვხვდება და ეუბნებიან რომ ეს არისო, ის იწყებს გინებას, პოლიციელზე ძალადობა ეგრე შეგრჩებაო? ვეუბნები, რომ არ მიძალადია პოლიციელზე. მერე უფროსის კაბინეტში შევყავარ და იქ მაყენებს შეურაცხყოფას ეს ადამიანი და მეუბნებიან, რომ ოქმს ხელი მოვაწერო და ვეუბნები, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერ. შემდეგ, შევყავარ სადღაც, მგონი გამომძიებელთან და იწყება დაკითხვა. მე ვეუბნები, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო მჭირდება და იქაც პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე.მითხრეს ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერეს. გამომძიებელს ეუბნება ეს ადამიანი გადი კაბინეტიდანო, გადის ეს ადამიანი, შემოდის ისევ ვიღაც ნიღბიანი პოლიციის ფორმაში, ის სამი ადამიანი მაკავებდა და ეს ისევ ძალადობდა ჩემზე. ამ პროცესში მე გადამამტვრიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც ამას მორჩნენ, დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი. შემდეგ კაპეზეზე ჩავყავარ, განვაცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, რაზეც მითხრეს, რომ არ გჭირდება სასწრაფოო და შემიყვანეს საკანში. ჩემი ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა როდესაც სასამართლომდე მომიყვანეს და შემდეგ პენიტენციურში. როდესაც სასამართლოდან წამიყვანეს, მესმოდა როგორ დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ყრუ-მუნჯს. დასცინოდნენ იამზე, როგორ ტიროდა. შემდეგ მიმიყვანეს პენიტენციურში. მანამდე, ვერ ვისარგებლე სამედიცინო დახმარებით, სანამ იქაურმა ექიმებმა არ შემამოწმეს. ამის შემდეგ სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ მოძალადე და მე უნდა ვიყო ციხეში. ის მოძალადეები დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. ვხედავთ აქციებზე რაც ხდება. ჩვენ ვითხოვდით გირაოს, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, დიდი ხანია ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი და ეგრეც გავაგრძელებ. სასამართლოდან ვითხოვ მხოლოდ სამართალს და სამართლიან ქცევას ყველას მიმართ. სასამართლოს წილი ამ უსამართლობაში დიდია - მოძალადეებს აქვთ დაუსჯელობის განცდა. ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით", - თქვა სხვიტარიძემ პროცესის დროს.
საბა სხვიტარიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.