პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარია როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, ისე ფინანსურ პრობლემებზე. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ გამოცემების ხელმძღვანელები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მედიამენეჯერების გზავნილებს მიუნხენში გაავრცელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომ ერთად ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში, როცა მასზე დიდი წნეხია. ყველა დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც გამყარებას ცდილობს, აქვს ორი სამიზნე - საზოგადოება და მედია... სიტყვის თავისუფლება მედიის მიერ უნდა იყოს დაცული. წავიღებ მათ [მედიამენეჯერების] გზავნილებს მიუნხენში. ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რადგან ის გახდა სიტყვის თავისუფლებისა და წნეხის სიმბოლო, რომელიც ვრცელდება რეგიონულ მედიაზე. რადგან, რუსული რეჟიმი მიიჩნევს, რომ რეგიონული მედია არის უფრო სუსტი და შეუძლია იქ დაამყაროს თავის გავლენა. ეს ასე არ იქნება, ჩვენ ერთად ვიქნებით - ყველას, როგორც და სადაც შევძლებ, დავიცავ", - თქვა ზურაბიშვილმა.
კომენტარი მედიასთან "ბათუმელების" რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მედიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რთული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს როგორც ფინანსურ პრობლემებზე, ისე გრანტების მოძიების სირთულეზე.
"სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან", - განაცხადა თურაძემ.