თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ალექსანდრე მელიქიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა და სოლიდარობა გამოუცხადა მუზეუმის თანამშრომელს მარიამ ჩარკვიანს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელეს, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო: 

"ჩემი ოთხწლიანი საქმიანობა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დასრულდა.      
პირველ რიგში, მინდა, ღრმა მადლიერება გამოვთქვა, ჩემი თანამშრომლების მიმართ. მათი საქმისადმი ერთგულების, პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივ საწყისებზე ყოფნის დამსახურებით, მუზეუმმა გაუძლო ყველა ქარტეხილებს და ჩვენამდე მოაღწია.                  

ამ ოთხი წლის განმავლობაში, ერთობლივი ძალებით, მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, ვხელმძღვანელობდით მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს-ფონდსაცავების, საგამოფენო და სამუშაო სივრცეების კეთილმოწყობას, სამუზეუმო ინვენტარის სრულ განახლებას. მუზეუმის კოლექციების ზუსტი და ყოვლისმომცველი დოკუმენტაციის წარმოების მიზნით, ჩავატარეთ სრული კოლექციის აუდიტი(აღწერა, ქრონოლოგია,ფოტოფიქსაცია, საინვენტარო ნომრის მინიჭება) . განვაახლეთ  საინვენტარო წიგნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმენით მუზეუმის კოლექციების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა.         

2024 წლის ბოლოს, დავასრულეთ მუშაობა ორ საპროექტო დოკუმენტაციაზე: საგამოფენო სივრცის, მუზეუმის შენობის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დოკუმენტაციასა და მუზეუმის კუთვნილ ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე, სადაც გათვალისწინებული გვქონდა საბავშვო არქეოლოგიისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა.          

იმედს ვიტოვებ,  წელს, ორივე პროექტი იხილავს დღის სინათლეს.     

მინდა, მადლობა გადავუხადო, დავით ცვარიანს და მის გუნდს. მათი დამსახურებით მოხდა მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფციის შემუშავება, საექსპოზიციო მასალების შერჩევა, პერიოდიზაცია, ტექსტების შედგენა და ბევრი სხვა.            

მინდა, მადლობა გადავუხადო, მოწვეულ რესტავრატორთა ჯგუფს. მუზეუმის ისტორიაში პირველად შევძელით სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია.   

მადლობა, კულტურისა და სპორტის ცენტრის ადმინისტრაციას, მის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი მუშაობისათვის.

მადლობა, ჩემს სამეგობროს, მუზეუმში უსასყიდლოდ გაწეული ფიზიკური შრომისთვის.                                             

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს მარიამ ჩარკვიანს, რომელსაც არ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება. 

მისი აქტიური ჩართულობით ხორციელდებოდა აბსოლუტურად ყველა აქტივობა მუზეუმში. სექტემბერში, როცა თავისი ნებით მიდიოდა სამსახურიდან, ჩემი დაჟინებული თხოვნით დარჩა, რათა ბოლომდე მიგვეყვანა წამოწყებული  საქმეები. მისი განთავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

თუ ჩემი პოსტის(ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით) გაზიარება მის პირად გვერდზე (არასამუშაო საათებში) და ,,ლაიქი", ,,წონადი" არგუმენტია, ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე.    

ვრჩები რიგით მუზეუმელად და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გულშემატკივრად." წერს მელიქიძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი