"წარვადგენთ შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით" | მზია ამაღლობელის ადვოკატები

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობას წარადგენენ. 

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატები წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს ამ საქმეზე," - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ. 

ადვოკატების განცხადებით შუამდგომლობას ისინი ხვალ დილას წარადგენენ. ადვოკატები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. პროკურატურას კი მოუწოდებენ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს გრიგოლ ბესელიას, მისდამი დაქვემდებარებული პოლიციელების და ირაკლი დგებუაძის მიმართ. ასევე პროკურატურას მოუწოდებენ მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს. 

"სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ ჩვენ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 

პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში. 

საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ.

მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო, საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ, 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე, ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო," - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა. 

მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი