"კაბელების საქმეზე" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
საია-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
"2025 წლის 11 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. საჩივარში დასაბუთებული იყო, რომ პროკურატურის მოთხოვნის მათდამი წაყენებული ბრალის შეცვლამ გამოიწვია მათ მიერ ახალი ბრალდებისთვის სათანადო დაცვითი სტრატეგიის მომზადების შეუძლებლობა. ამასთან, მათ ვერ შეძლეს წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ბრალდების შესახებ და შესაბამისად, იგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სისხლის სამართლის პროცესში.
განსახილველ საქმეში მომჩივნები ბრალდებულად იყვნენ ცნობილი გაფლანგვისთვის - დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით. გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს განსხვავებულ დანაშაულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ამგვარად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას, დანაშაულის შემადგენელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს განზრახვა „თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად“, მაშინ, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენს გაფლანგვის დანაშაულის თანმდევ შემადგენელ ელემენტს. ამ კუთხით, სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას, რომ დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო მცირედ მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხელახალი კვალიფიკაცია ეფუძნებოდა იმავე ფაქტებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ევროპული კონვენცია მოითხოვს ბრალდებული პირის ინფორმირებას არამხოლოდ ქმედებებთან და ფაქტებთან მიმართებით, რომელიც ბრალდებულმა სავარაუდოდ ჩაიდინა და განსაზღვრავს მის ბრალდებას, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა მათ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მომჩივნებმა თავი დაიცვეს გაფლანგვის ბრალდების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო, რამდენადაც დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი - ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ყოფილიყო - არ იყო სახეზე. ახალი განაჩენის გამოტანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გააფრთხილა მომჩივნები, რომ მათი ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირებულიყო. სასამართლო პროცესი არ გადადებულა დამატებითი განხილვისთვის და ახალი ბრალდების შემადგენელი ელემენტები არ განხილულა სასამართლოში. მომჩივნებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ფაქტების სამართლებრივი შეფასების შესახებ, როცა ჩაბარდათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გარემოებებში, მაშინ როცა ევროპული სასამართლო უშვებს დანაშაულის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს დაცვის განხორციელების პრაქტიკული, დროული და ეფექტიანი შესაძლებლობა.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს არ მისცა დაცვის განხორციელების შესაძლებლობა ახალი ბრალდების ფარგლებში. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო ენახა საქმე სრულად, ვერ გამოასწორა სააპელაციო პროცესის ფარგლებში ბრალდებულების მიმართ დარღვეული უფლებები, რადგან საჩივარი დაუშვებლად სცნო.
სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უფლებაა იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის, დაირღვა. ამდენად, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დარღვევა.
საიას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მომჩივნების ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია წარმოადგენდა," - წერია განცხადებაში.