15 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და კოლეგებს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ექიმებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს და აღნიშნეს, რომ შიმშილობის იმ ეტაპზე, რომელზეც ორივე მათგანი იმყოფება, საჭიროა შესაბამისი კონსილიუმები, რათა დროულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა:
"ჩვენი ბრიფინგი შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იგეგმება 15 თებერვალს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე. მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემ კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ მხარეს ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას საქართველოში. ქვეყანა კრიზისშია შესული, ფაქტობრივად.
მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებიან. შესაბამისად, ყველა ექიმისთვის, ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისთვის, რომელთა ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, რომელთა ვალდებულებაა ადამიანების კეთილდღეობა, აუცილებელი არის 15 თებერვალს, 6 საათზე ევროპის მოედანზე გამოცხადება.
ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და მუდამ იქნება, სანამ არ მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან საწადელს, რომელსაც ჰქვია ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება", - აცხადებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, შაბათს, 15 თებერვალს, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს, საზოგადოება ევროპის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობას გამართავს ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით