გორში მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკვე 79-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ, საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობენ.
ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები არიან აქტივისტები და პოლიტიკოსები. მათ თან აქვთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებზეც აქციების მიმდინარეობისას ოლიგარქის საპოლიციო ძალებმა იძალადეს.
მოქალაქეების განცხადებით, საკრებულოს წევრებს მათი ხმა გარედან არ ესმით, ამიტომ ისინი სხდომაზე დასწრებას შეეცდებიან და კითხვებს იქ დასვამენ. აინტერესებთ, რას ფიქრობენ საკრებულოს წევრები ნაცემ ადამიანებზე და მათი აზრით რამ გამოიწვია ქვეყანაში არსებული ვითარება.
"გორის საკრებულოს თავმჯდომარე შიდა ქართლის მოსახლეობას ეუბნება, რომ გორს პირდაპირ არ მიუღია ევროკავშირის დახმარება. ამას ამბობს ქალაქზე, სადაც ათობით სკოლა გარემონტებულია დასავლური გრანტებით. გვინდა, რომ პირადად ვკითხოთ რატომ ვერ ხედავს და თუ ვერ ხედავს ვთხოვოთ, რომ გამოგვყვეს და ვაჩვენოთ ის რაც ფაქტია, რაც ნამდვილად გააკეთა ევროკავშირმა. დიახ, გორში თითქმის ყველაფერი გაკეთებულია ევროკავშირის დაფინანსებით, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტი," - განაცხადა მოქალაქემ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.