გარდაცვლილი პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს. ოჯახის თქმით, ეტლით მოსარგებლე გუჯეჯიანი გლდანის ციხეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
პატიმრის გარდაცვალების თაობაზე კი ოჯახს მაშინ შეატყობინეს, როცა ცხედარი უკვე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადასვენებული.
გუჯეჯიანის ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის უფროსს დავით დარასელიას და კიდევ ორ ბადრაგს, ზვიად ჯარიაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს ადანაშაულებს. მათი თქმით, აღნიშნული პირები გუჯეჯიანის ცემის საქმეში ადრეც მონაწილეობდნენ.
გარდაცვლილი პატიმრის დედა ამბობს, რომ შვილთან კომუნიკაცია სიკვდილამდე 2 დღით ადრე ჰქონდა:
"4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან... როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივა მედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს..." - ამბობს გუჯეჯიანის დედა "ტვ პირველთან".
გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის თქმით კი, მის ქმარს ფიზიკურად ნოემბერშიც გაუსწორდნენ:
"ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივა მედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო, იმის მიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო. ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ. ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე - ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. იმიტომ, რომ ორ დღეში სასამართლო სხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსი შეუტანეს. ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ. შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი გაიარეო. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან. სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო, - ამბობს მეუღლე.
ექსპერტიზის პასუხი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ. "ვივა მედში" კი ოჯახის წევრებს ზეპირსიტყვიერად უმტკიცებენ, რომ გუჯეჯიანის სიკვდილის მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.
კომენტარი არ გაკეთებულა პენიტენციური სამსახურის მხრიდან.