მედიატორთა პროფკავშირი, გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, დანაშაულის პრევენციის ეროვნულ სააგენტოსთან კოლექტიურ დავას იწყებს

გამოქვეყნდა:

მედიატორთა პროფესიული კავშირი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან კოლექტიურ დავას იწყებს.

კერძოდ, პროფესიული კავშირი ითხოვს: გათავისუფლებული მედიატორებისთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას.

"2024 წლის 25 თებერვალს 3 მედიატორს აცნობეს ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. მედიატორთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გაურკვეველია, ასევე, სააგენტო უარს ამბობს გადაწყვეტილების დასაბუთებაზე - სააგენტოს უფროსის მხრიდან უპასუხოდ დარჩა შეხვედრის მოთხოვნა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მედიატორებმა შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადავადების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მედიატორთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ეჭვებს აჩენს.

მედიატორები დიდი ხანია ითხოვენ საქმეების გონივრულად გადანაწილებასა და ლიმიტის დაწესებას, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. დასაქმებული მედიატორების რაოდენობა არასაკმარისია, ხოლო გათავისუფლებული მედიატორების საქმეები გადაეცათ მოქმედ მედიატორებს, რამაც გაორმაგა, ხოლო ზოგ შემთხვევაში — გაასამმაგა მათი დატვირთვა.

მედიატორების უწყვეტი პროფესიული გადამზადება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობდა და მოიცავდა გაცვლით ვიზიტებს, ტრენინგ-კურსებს, უცხოელ ექსპერტებსა და მოქმედ მედიატორებთან შეხვედრებს და სხვა. 2024 წლის 10-12 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ბრიტანელ ექსპერტთან მმართველი პარტიის დასახელებული გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმდა.

მედიატორები 2023 წლიდან ითხოვდნენ ფიქსირებული ანაზღაურების ზრდას. ნახევარწლიანი მოლოდინის შემდეგ, 2024 წლის 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე მედიატორებმა მიიღეს ანაზღაურების ზრდის დაპირება, რომელიც ნაწილობრივ შესრულდა", - წერია ინფორმაციაში.

პროფესიულმა კავშირმა ასევე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიაციის გზით გადაწყვეტისა და მედიატორის ჩართვის მოთხოვნით.

პროფესიული კავშირი, მედიატორთა შრომითი უფლებების დასაცავად, მზად არის ითანამშრომლოს სააგენტოსთან შეთანხმების მისაღწევად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი