"რეპრესიები საქართველოში" და "დემოკრატიის ნიღბით შემოსილი რეჟიმი. ქვეყანაში პრესის თავისუფლების დასასრული" | იტალიური მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელზე წერს

გამოქვეყნდა:

იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რეპრესიები საქართველოში", რომელიც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს ეხება.

სტატიაში განხილულია მისი დაკავების გარემოებები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები. ავტორი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ "ოცნების" პროპაგანდის პარალელური რეალობა აგებულია ინფორმაციის ფრთხილად და კოორდინირებულ კონტროლზე.

"რეალურად, ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიძგი მისცა ახალ რეპრესიულ და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააჩუმოს განსხვავებული ხმები. ჟურნალისტები თავდასხმების სამიზნე გახდნენ. ამ ვითარებაში მყოფ მედიის მუშაკებს შორის განსაკუთრებული აღშფოთება და შეშფოთება გამოიწვია მზია ამაღლობელის ბედმა. ამაღლობელი ახლა შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას აზიანებს და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ჟურნალისტისადმი სოლიდარობის ნიშნად სხვა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს", - წერია სტატიაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიას კიდევ ერთ იტალიური გამოცემა უძღვნის, სახელწოდებით - "დემოკრატიის ნიღბით შემოსილი რეჟიმი. საქართველოში პრესის თავისუფლების დასასრული".

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო თავისი დემოკრატიისთვის გადამწყვეტ მომენტს განიცდის: მოქალაქეები უკვე 70 დღეზე მეტია, ყოველდღიურად მართავენ დემონსტრაციას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

"დაკავებულთაგან ბევრი, ვინც საკუთარ თავს სამართლიანად პოლიტპატიმარს უწოდებს, დღეებია შიმშილობს: მათ შორისაა ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომელიც 12 იანვარს დააკავეს, შიმშილობს და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. მზია თბილისის ქუჩებში და ქვეყნის დიდ ქალაქებში პროტესტისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა: მისი სახელი იმ უსამართლობის, ძალადობისა და ჩაგვრის სიმბოლოა, რომელსაც ქართველი ხალხი 2024 წლის 27 ოქტომბრიდან განიცდის. ავტორი რუსულ კანონზეც წერს და აღნიშნავს, რომ ის კრიტიკული ხმების ჩახშობას შეუწყობს ხელს.

"ქართული ოცნება" ცინიზმითა და მონდომებით აჩქარებს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის პროცესს კრიტიკული ხმების გაკონტროლებისა და გაჩუმების შემდგომი მცდელობით...

ღონისძიება აშკარად არის შთაგონებული ავტორიტარული მოდელებით, როგორიცაა რუსული, და მიზნად ისახავს მძიმე დარტყმა მიაყენოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან...

პრესის თავისუფლება საქართველოში აღარ არის გარანტირებული უფლება, არამედ ხდება პრივილეგია, რომელიც დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. ამ კანონის მიზანი ცხადია: მიანიჭოს მთავრობას აბსოლუტური კონტროლი ყველა საჯარო ხმაზე, ჟურნალისტიკისგან სამოქალაქო საზოგადოებამდე, ჩაახშოს ყოველგვარი განსხვავებული აზრი...

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააგრძელოს ამ მოვლენების ყურადღებით მონიტორინგი და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს რუსეთისადმი დამორჩილების ეს პროექტი. საქართველო მეორე ბელარუსი არ უნდა გახდეს", - წერს ავტორი ვრცელ მასალაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი