კომპანია "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, 9 თებერვალს ცენტრალურ გაზსადენზე ავარია კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ამის შესახებ მან სემეკში გამართული საჯარო მოსმენისას მედიასთან განაცხადა.
"ფაქტია, რომ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა აღნიშნული ავარია. თუმცა საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი მხარე გასცემს ამაზე პასუხს. არსებობს ფაქტებიც, რომ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. მათ შორის, მილსადენის თავზე, რომელიც მის ფუნქციონირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. რაც შეეხება რეგლამენტებს, რეგლამენტი განსაზღვრავს მილთან მიმართებით მშენებლობის ტექნიკურ დეტალებს, რომელიც შემდეგ გამოკვლეული იქნება, თუ რამდენად არის დაცული ან სწორად შესრულებული კომპანიის მიერ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შემდგომში მოკვლევა," - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
სემეკში "თბილისი ენერჯის" დაზიანებულ 500 - მილიმეტრიან გაზსადენთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში საჯარო მოსმენა 17 თებერვალს გაიმართა. მთავარი თემა გაზსადენის დაზიანებაა, რის გამოც 150 ათასი აბონენტი ზამთარში გაზმომარაგების გარეშე დარჩა. სემეკში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს, თუ რამდენად დროულად მიაწოდა კომპანიამ მომხმარებელს ინფორმაცია და რა სამუშაოები ჩაატარა ავარიის დროულად აღმოსაფხვრელად.