
ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი, ბექა ხოფერია ბათუმში ცათამბჯენს აშენებს. შეგახსენებთ, რომ დგებუაძე სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის შეურაცხყოფა მიაყენა და რეჟიმი მზია ამაღლობელს დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. გინება, ცემა, ფურთხება, უარი წყლის მიწოდებასა და საპირფარეშოთი სარგებლობაზე ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების ჩამონათვალშია, თუმცა გამოძიება მის წინააღმდეგ არა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
"ბათუმელების" ინფორმაციით, შპს "ალპეკა ბათუმი" თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიაში ამობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში. კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერია, "ოცნების" აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილია. გარდა ამისა, შპს "ალპეკა ბათუმის" ადმინისტრაციული დირექტორია თათა დგებუაძე, ირაკლი დგებუაძის ბიძაშვილი.
ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ქოფერია სამშენებლო სექტორში აქტიურად 2019 წლიდან გამოჩნდა. მანამდე ის რამდენიმე კომპანიაში თანამესაკუთრედ ფიქსირდებოდა. 2019 წლიდან მან მიიღო სამშენებლო ნებართვები თბილისში პრესტიჟულ ადგილებზე.