ოთხი დაღუპული და სამძებრო სამუშაოები 40 000 ტონა მიწის მასაში - მეწყერი აჭარაში

გამოქვეყნდა:

16 წლის მურმან თედორაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი მშობლებთან ერთად მეწყერმა მოიყოლა. სახლი, რომელშიც ოჯახს ეძინა, მიწის მასამ მთლიანად დაფარა. მიწის ქვეშ მოჰყვა მსუბუქი ავტომობილიც თავისი ორი მგზავრით. მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ ბიჭის დაღუპული მშობლები იპოვეს. ცოტა ხნის წინ ამოიტანეს მანქანაც, რომელშიც 2 ახალგაზრდა კაცის ცხედარი იყო.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში იხსენებენ,რომ  სამაშველო სამსახურმა 3 საათით დააგვიანა. 

ტრაგიკულად დაღუპული თედორაძეები ხელისუფლებას წლების განმავლობაში დახმარებას სთხოვდნენ. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ სახლს ნგრევა ემუქრებოდა, პასუხი კი არ მიუღიათ.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახს გეოლოგების დასკვნაც ჰქონდა, სადაც ახსნილი იყო, რომ უბედური შემთხვევის ადგილას მეწყერსაშიში ზონაა და აქ ცხოვრება დაუშვებელია.  

მერიაში დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათთან განცხადება არ შესულა და უყურადღებობაში ტყუილად ადანაშაულებენ. ნადიმ ვარშანიძე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ჟურნალისტები დაეჯერებინა, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მეწყერსაშიშ ზონად არ ითვლებოდა. 

თითქმის ყველა რეგიონიდან 200-მდე მეხანძრე მაშველი და მძიმე ტექნიკა დღე-ღამის განმავლობაში მობილიზებული სოფელ ქვედა ჯოჭოში იყო და 40 000 ტონა მეწყრულ მასაში დაკარგულ ადამიანებს ეძებდა. 4 მოქალაქის ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ახლა აჭარის რეგიონში კიდევ რამდენიმე ოჯახი იგივე საშიშროების წინაშე დგას, რის წინაშეც გუშინდელ დღემდე სხვა ადგილობრივები იდგნენ

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი