"მაისის სტუდენტური მოძრაობა" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბაგების სტუდქალაქში პოლიცია შევიდა.
პოსტში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდება. მათი განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს.
"პოლიცია ბაგების სტუდქალაქში შევიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.
2023 წელს ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც "აგენტების კანონის" პირველი ინიციირების შემდეგ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, რამდენიმე თვის წინ კი სპეცრაზმმა უნივერსიტეტის ტერიტორია მოქალაქეებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. პოლიცია დღეს კიდევ ერთხელ შედის ბაგების სტუდქალაქში გაუგებარი მიზეზებით.
როგორც ვხედავთ, საუნივერსიტეტო სივრცე ძალოვნების სათარეშო ადგილად იქცა.
ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი საშიშია ცხოვრებისთვის, ვინაიდან აქ არ არსებობს არცერთი საბაზისო პირობა, რომელიც დაკმაყოფილებულია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან განწირულ სტუდენტებს საკუთარი თავის გადასარჩენად უწევთ დათანხმდნენ ამ უპირობობას, რადგან ერთადერთი შესაძლებლობა აქვთ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ და იქნებ როგორმე მოახერხონ განათლების მიღებაც.
მეორე მხრივ სტუდენტები სახელმწიფოს მჩაგვრელი ინსტიტუტების პირისპირ კიდევ უფრო დაუცველები არიან ამ პირობებში. ვინაიდან პოლიცია თავისი ნებით შედის 300 კაციან საცხოვრებელში ისე, რომ არ ასაბუთებს, რატომ აკეთებს ამას, ამავდროულად მათ არ ახლავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მეტიც, დასაბუთების თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხლების დროსაც, პოლიციას არაფერი ესაქმება სტუდენტურ საცხოვრებელში.
ბაგების სტუდქალაქში უღირს და ცხოვრებისთვის საშიშ პირობებთან ერთად სტუდენტები პოლიციური რეიდებით საჩუქრდებიან.
ეს "ქართული ოცნების" ხელწერაა - სტუდენტების სიღარიბისთვის, უთანასწორობის, უქონლობის, შრომით ექსპლუატაციაში ცხოვრებისთვის გამეტება, ამავდროულად კი ამ ჩაგვრაზე პასუხის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის დროს ცემით, დასახიჩრებით და დაპატიმრებით პასუხი.
რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო ბიუროკრატია უსუსტესია, მეტიც ის ეკონომიკურად და ფიზიკურად მჩაგვრელი სახელმწიფოს პირდაპირი მხარდამჭერი და აგენტია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს, რომლებმაც უნივერსიტეტის კარები გაუღეს “ქართული ოცნების”სადამსჯელო პრაქტიკებს," - წერია განცხადებაში.