მოძრაობა "ქართული კინო საფრთხეშია" აცხადებს, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გააუქმა გოგა ქობალიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი "დროებითი ჭერი".
როგორც მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კინოცენტრმა მიზეზად დაასახელა პროექტის კალენდარული გეგმის დარღვევა და პროექტის ჩაბარების ვადის ამოწურვა, რეალურად კი ორგანიზაციამ თავადვე შექმნა დაბრკოლებები, რათა პროექტი არ შემდგარიყო და ავტორს ფილმის გადაღების საშუალება არ მისცა.
"როდესაც კალენდარული გეგმის მოხედვით ფილმის გადაღება უნდა დაწყებულიყო, კინოცენტრში დაიწყო ეგრეთწოდებული "რეორგანიზაცია" რა დროსაც კინოცენტრი მუშაობდა შეფერხებით, სისტემაში იყო ხარვეზები, ახალი თანამშრომლები, რომლებიც არ ერკვეოდნენ სფეროს სპეციფიკაში, თვეებს ანდომებდნენ მარტივი დოკუმენტების გაცემას. რეჟისორს და სცენარის ავტორს, პროდიუსერთან ერთად მიაჩნდა, რომ მაშინდელ ვითარებაში ფილმზე მუშაობის დაწყება, წარმოებას ჩიხში შეიყვანდა.
იმ პერიოდში, როდესაც ფილმის წარმოება უნდა დაწყებულიყო, კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის გოგა ქობალიამაც, გააპროტესტა ,,რეორგანიზაცია”. კინემატოგრაფისტები ითხოვდნენ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, თუმცა კინოცენტრის ხელმძღვანელობამ კინოცენტრის კარი ჩაკეტა და უარი განაცხადა ავტორებთან ლაპარაკზე. მას შემდეგ, ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები გახდა სრულიად ბუნდოვანი და კინოცენტრი გადაიქცა ჩაკეტილ ორგანიზაციად.
ბოლო ორი წლის განმავლობაში კინოცენტრი მუშაობს შეფერხებით. ის თანამშრომლობს მხოლოდ იმ რეჟისორებთან, რომლებიც დაახლოებული არიან რეჟიმთან, ხოლო ავტორებთან, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, კინოცენტრი კომუნიკაციაში არ შედის, მათ პროექტებს აჩერებს და მიზანმიმართულად აფერხებს წარმოების პროცესს. ორი წლის განმავლობაში კინოცენტრს ჰყავდა ორი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლებიც საკუთარ თავზე ვერ იღებდნენ ვერანაირ პასუხისმგებლობას და ატარებდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.
სწორედ ამ პროცესების ფონზე ვერ შეძლო გოგა ქობალიამ კალენდარული გეგმით პროექტის განხორციელება, თუმცა პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადამდე ოთხი თვით ადრე, მისი საპროდიუსერო კომპანია დაუკავშირდა კინოცენტრს, ორგანიზაციამ დაიწყო სხვადასხვა დოკუმენტის მოთხოვნა, ეს პროცესი ზუსტად იმდენი ხანს გაიწელა, რა დროშიც ფილმი უნდა გადაღებულიყო.
საბოლოოდ კინოცენტრმა თავადვე განაცხადა, რომ დოკუმენტაცია, რასაც ითხოვდნენ, არ იყო საჭირო. ამავე პერიოდში გაირკვა, რომ კინოცენტრს ჰქონდა დარღვევები, მან თავის დროზე არ შეატყობინა სახელმწიფო ხაზინას, რომ ავტორმა შეიცვალა საპროდიუსერო კომპანია. ამასთანავე, ორგანიზაციამ დაკარგა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რამაც სახელმწიფო ხაზინისთვის საპროდიუსერო კომპანიის შეცვლაზე ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელი გახადა. ამ შეფერხებებზე პასუხები ხელოვნურად გვიანდებოდა, რამაც საბოლოოდ ამოწურა ფილმის გადაღების ვადები. პროექტის პროდიუსერმა შექმნილი პრობლემების გამო კინოცენტრს წერილობით სთხოვა პროექტის ჩაბარების ვადების გახანგრძლივება, მაგრამ კინოცენტრმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა. გოგა ქობალიასთან შეხვედრისას, კინოცენტრის წარმომადგენლებმა უარყვეს მათ მიერ შექმნილი პრობლემები თუ ხარვეზები, ფილმის განსაზღვრულ ვადებში ვერ გადაღებაში კი ავტორი დაადანაშაულეს, პროექტი გააუქმეს, საპროდიუსერო კომპანიას კი თანხა უკან დააბრუნებინეს.
პროექტი დაფინანსდა 2019 წელს, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში, სადაც ის გავიდა პირველ ადგილზე, ფილმის ბიუჯეტი 400 000 ლარი იყო. პროექტი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, კინოცენტრმა კი ის სრულიად უსამართლოდ გააუქმა.
ფილმის დაფინანსებისას კომისიის წევრები იყვნენ: ანნა ძიაპშიპა, დათო გაბუნია, თინათინ გურჩიანი, ალეკო ცაბაძე, რატი ონელი, სოფია ბაბლუანი, დავით გურგენიძე." - აღნიშნულია განცხადებაში.