"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, გიორგი დიასამიძე ოლიგარქის პოლიციამ 5 000 ლარით, "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, დააჯარიმა. შესაბამის ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს.
"დღეს დილით მირეკავენ პოლიციიდან და მეუბნებიან, რომ გამომიწერეს 5000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. პოლიციელი გავაფრთხილე, რომ ჩავიწერდი საუბარს და დაეთანხმა ამას. თქვენ მოხვალთ ჯარიმის ოქმის წასაღებად თუ მოგიტანოთო. მე აღარ ვცხოვრობ ფაქტობრივ მისამართზე და ყველაზე მარტივად ჩემი ნახვა სამსახურში შეგიძლიათ-მეთქი. ამიტომ, რამდენჯერმე გავუმეორე, რომ დოკუმენტი მომიტანონ რადიო თავისუფლების ოფისში.
რა ხდებოდა 17 თებერვალს? - მოკლედ: მორიგი მშვიდობიანი დემონსტრაცია იყო, შესაბამისი საპროტესტო და სოლიდარობის შეძახილებით. ამ დღეს არ დამწვარა ბიძინას ან ხარებას ფიტული. როგორც კი გაიზარდა დემონსტრანტთა რაოდენობა, ხალხმა გადაკეტა რუსთაველის გამზირი, ხოლო პოლიციამ ჩაკეტა საავტომობილო გზა სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“, როგორც ყოველდღე ხდება ხოლმე. ცხადია, უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე გადავედი საავტომობილო გზის ნაწილზე და გამოველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ამ ჯარიმების ამბავზე ვეკითხებოდი. ზოგიერთი მათგანი უკვე ორჯერაც იყო 5000 ლარით დაჯარიმებული. მერე პირველი გიმნაზიის მხარეს გადავინაცვლე ტროტუარზე და ხალხის მასის დასაფიქსირებლად ზედხედით ზუსტად 22:41 საათზე ფოტო გადავიღე. ეს ფოტო შეგიძლიათ იხილოთ კომენტარში დატოვებულ ბმულზე - სტატია სწორედ ჯარიმების თემაზეა.სახლში წასვლამდე დამაინტერესა საჯარო ლექციამ, რომელსაც ილიას და აკაკის ძეგლთან მართავდა ახალგაზრდა კაცი. პროექტორზე გაშვებული სლაიდების გამოყენებით მენტორი ათობით მოქალაქეს ესაუბრებოდა მჩაგვრელ რეჟიმებზე - ჩვენს შემთხვევაში ავტორიტარიზმზე, ტირანების საერთო ნიშანთვისებებზე და მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენებულ როგორც ძველ, ასევე თანამედროვე, ჰიბრიდულ იარაღებზე. დაახლოებით 1 საათი ვუსმენდი და დავტოვე ტერიტორია", - წერს დიასამიძე.