რა ჩაითვლება "სამშობლოს ღალატად" | ოლიგარქის პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირეს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარლამენტმა "სამშობლოს ღალატის შესახებ" კანონპროექტი დააინიციირა, მას შემდეგ რაც რეჟიმმა, 17 თებერვალს მისი კანონმდებლობაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

არალეგიტიმური დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

"სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 3071 მუხლზე მითითებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისას, პასუხისმგებლობა დადგება. კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 3071 მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი", - წერია განმარტებით ბარათში.

ინიციატორები და ავტორები არიან არალეგიტიმური პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი