"ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება | საია

გამოქვეყნდა:

 "ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გურიასა და აჭარაში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია იმ ვალდებულებებზე მიუთითებს, რომელიც სახელმწიფოს მოსახლეობის დასაცავად აქვს სტიქიის დროს და რომელიც არ სრულდება:

"გურიასა და აჭარაში  მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.  მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით  არ არის  ეფექტიანი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია გურიაში და აჭარაში დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა. უხვი ნალექის გამო გურიის და აჭარის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი ან/და ელექტროენერგია, დაზიანდა და ჩამოინგრა სახლები, გარესამყაროსაა მოწყვეტილი და  დახმარებას საჭიროებს არაერთი მოქალაქე, მათ  შორის არიან მოხუცები და ბავშვები. ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების გარდაცვალების და აუცილებელი დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ. საია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

ადამიანთა სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებია, ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქალაქეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. 

სტიქიის დროს მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შედეგად სახელმწიფო ვალდებულია დროულად გაატაროს ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს სათანადო ნაბიჯების გადადგმას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, მათ შორის, მოიცავს ისეთი საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არ მომდინარეობს. უფლების დაცვის ევროპული სტანდარტი მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის სტიქიური უბედურებების დროს სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილებას, მაშინაც კი, თუ თავად სტიქიური მოვლენები ადამიანის კონტროლის მიღმაა.

აღსანიშნავია, რომ საიამ ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაქვეყნა საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“. რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და შეკითხვები, რომელთა უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი“, ეს დოკუმენტი აფასებს საგანგებო სიტუაციების რისკებს, შესაძლო შედეგებსა და მუნიციპალიტეტის მიერ გადასადგმელ პრევენციულ ნაბიჯებს. ასევე გამოიყენება რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის. უცნობია აქვს, თუ არა, უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები. უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სამსახურმა გვაცნობა, რომ დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევდა მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას.

მიუხედავად ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა." აცხადებს საია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი