159-დღიანი შიმშილობის პერიოდში 40 კგ დაიკლო, აღენიშნება ანემიის ნიშნები, შენელებული გულისცემა | SJC სადიგოვის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აფგან სადიგოვი უკვე 159-ე დღეა შიმშილობს, მან ამ პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია. აღენიშნება ანემიის ნიშნები, ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აფგან სადიგოვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აფგან სადიგოვი უკვე 159 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

აფგან სადიგოვმა 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. 10 თებერვლამდე ის არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ჟურნალისტმა კვლავ  დაიწყო  წყლის მიღება და პერიოდულად თანხმობას აცხადებს ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების მიღებაზე,  რომელიც მას გადასხმის მეშვეობით მიეწოდება.

მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორგანიზს  უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტანიმები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც სახიფათოა მისი ჯანრთელობისთვის. ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს. აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. სამწუხაროდ, ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

აფგან სადიგოვმა 159 დღიანი შიმშილობის პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

აფგან სადიგოვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, განიხილავს ჩვენს მოთხოვნას  სადიგოვის მიმართ  დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების  და აზერბაიჯანში ექსტრადიციის  შეჩერების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  2025 წლის 14 იანვარს და 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის აკრძალულია 2025 წლის 4 მარტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებებია და 2025 წლის 4 მარტისთვის სასამართლო კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის უფრო ხანგრძლივი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე ველოდებით მის გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების უფრო ხანგრძლივი გამოყენების თაობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას  და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის," - წერია განცხადებაში. 

აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს. ის უკვე 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი