"თანამშრომლობის შეჩერების საფუძველი საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევაა" | გერმანიის განათლების მინისტრი

გამოქვეყნდა:

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას "ქართული ოცნების" მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს. ეს განმარტება ეწერა გერმანელი მინისტრის წერილში, რომელიც მან საქართველოს განათლების ე.წ. მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს გაუგზავნა და რომელიც RND-მ მოიპოვა.

"უკვე 2 თვეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის თავისი ევროპული მომავლისთვის. მომიტინგეებს შორის ბევრი მეცნიერია, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ მეცნიერებასა და ევროპულ ინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ეს არის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის ფუძე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მეთაურის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან", - წერს გერმანიის განათლების მინისტრი. 

 

წერილის თანახმად, მინისტრს ასევე სურს მსგავსი მიდგომა ურჩიოს გერმანიის კვლევითი ორგანიზაციების ალიანსს და მის კოლეგებს ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი