გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).