დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას." ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ გომელაური, ჩიქოვანი და სხვები, გურიის რეგიონის სოფლებში არსებულ ვითარებას ვერტმფრენიდან ეცნობიან.