"შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა" | ქარტია "მედიის კანონს" აკრიტიკებს და "ოცნებას" მასზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ოლიგარქის პარტიის მიერ "მაუწყებლობის შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს.

ქარტია "ოცნებას" ასევე მოუწოდებს რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
ქარტია არ იციარებს ოლიგარქის პარტიის აზრს, რომ მედიის თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიანია და საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა, რადგან "სწორედ ქარტიაა ეფექტიანად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით. ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი გვარწმუნებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა.

„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება "ქართული ოცნების" ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს "ქართული ოცნება" აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად. შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს.

შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს.

შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს ართმევს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ "ქართულ ოცნებას" არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი", - წერია განცხადებაში. 

განცხადება სრულად ნახეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი