"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.
მათივე ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება იმერეთშიც. ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონსა და სამტრედიაში, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000- მდე აბონენტს.
,,ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“ - აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“