"ჩემი შვილია, ხელი გაუშვით - დედების მარში" | პოლიტპატიმრების დედებს სოლიდარობის მიზნით სხვა დედებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

დედის დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისში დედების მარში იმართება, პოლიტპატიმრების დედების მსვლელობას სოლიდარობის მიზნით სხვა დედებიც უერთდებიან.

რეჟიმის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ სატკივარს სხვა დედებიც იზიარებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

"დღევანდელი მარში მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენ დედები ყოველდღე ვდგავართ ჩვენი შვილების გამო ქუჩაში, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვერდით უამრავი დედა გვიდგას და ჩვენთან ერთად გაემართებიან ამ მარშით. მადლობა ამ დედებს, რომლებსაც გული სტკივათ ჩვენს გამო. ჩვენმა შვილებმა ციხიდან მოგვილოცეს. გააკეთეს ისე, რომ ყვავილები მოგვართვეს ჩვენი შვილების სახელით. ძალიან მწარეა დღევანდელი დღე ჩვენთვის, რასაც გულით ვუსურვებ იმათ დედებს ერთი არ ასცდეთ." - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

დედების მარშს შეუერთდება საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დედების მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყება და რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც 96-ე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი