"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებენ.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად მომგებიანი არაა და ამას გერმანული საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იც ადასტურებს, რომელმაც ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა.
"ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.
ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.
მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი.
მაგალითად, შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია CMC დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში, უხდიდა ხელფასის 60%-ს. ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა. კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად", – ნათქვამია განცხადებაში.