სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ოლიგარქის პოლიციის მიერ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას და მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით. ასევე, მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებს მისცეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი დაცვა უსამართლო დაჯარიმებისგან და წინასწარი წერილობითი თანხმობით დაუშვას პროტესტის გაგრძელება.
2025 წლის 9 მარტს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტების წინასწარი ინფორმირების გარეშე, ფოიეს დეზინფექცია ჩატარდა, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოგვიანებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა. სტუდენტების თქმით, მათ ალტერნატივად ხუთი კვადრატული მეტრის ფართობის “სალაროში” გადანაცვლება შესთავაზეს, რაც მათთვის მიუღებელი იყო.
სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პოლიციამ თავდაპირველად მათ გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი ფოიეს დატოვება მოსთხოვა. საბოლოოდ, ადგილზე დარჩენილი სტუდენტები 5000 ლარით დააჯარიმეს. უწყვეტი პროტესტი უნივერსიტეტში უკვე 83 დღეა გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს. სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში," - წერს SJC.