დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანას, რომელიც ქვეითს დაეჯახა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელი, კობა კვიტანძე მართავდა. ცნობილია, რომ შემთხვევა დარჩელის ცენტრში, იმ ადგილას მოხდა, საიდანაც პოლიციის შენობა დაახლოებით 50-100 მეტრში მდებარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციითვე, საჭესთან მყოფი პოლიციელი ალკოტესტის ჩატარებაზე უარს აცხადებდა და წინააღმდეგობას წევდა, თუმცა მოგვიანებით "ძალით გააკეთებინეს".
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ აღნიშნული პოლიციელი ზუგდიდში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე ხშირად იყო და ის ერთ-ერთი აქტივისტის, მარიამ სიჭინავას სასამართლოზე ცრუ მოწმეც იყო.
დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაშია და ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდა კაცს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.