ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ "ფორმულასთან" დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ანდრეი კრუშანოვი ბიძინა ივანიშვილის, მენტორია.
"რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ანდრეი კრუშანოვი ივანიშვილის, გარკვეულწილად, მენტორია, ჩემი აზრით. რა ურთიერთობაც მე მასთან მომიწია, იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილებმა მას იახტა გაუგზავნეს საჩუქრად ჩემი ხელით, გავიცანი ისიც და მისი მეუღლეც. მისი მეუღლე დაკავებულია მაგიით და ემსახურება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის შელოცვებს და ა.შ. ხოლო ამ ქალის მეუღლე გახლავთ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი. ეს ადამიანები დაახლოებით, საქართველოში არიან უკვე მე-8 თვეა და, ჩემი ინფორმაციით, ხელმძღვანელობენ ამ მთელ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ანტიევროპული მიმართულებით...
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ რუსული დიქტატურის პირობებში, სადაც გამორიცხული არაფერი არ არის. არ მინდა ვიყო პირველი მსხვერპლი, როგორც ვლადიმერ პუტინს სჩვევია და ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე […] იმ შემთხვევაში, თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მე პირდაპირ მაქვს ამის მითითება გაცემული, რომ იმავე დღეს ეს ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს. […] პირობითად, წარმოვიდგინოთ, ოთხ კედელში ვარ, შემოვიდა 10 კაცი და მცემეს. ამით რა შეიცვლება?! საბოლოოდ, მათ გადასარევად იციან, რომ მე ხვალ ციხეში შევდივარ ისე, რომ ერთი თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, მათ არ იციან, ვარაუდობენ, საიდან შეიძლება დახვდეთ ჩემი დატოვებული საჩუქარი. ამიტომ, მე მირჩევნია ერთი კარტი დავიტოვო ხელში", - თქვა ჩიკვაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს - ირაკლი პაპიაშვილს, ისევ გირაო შეეფარდა.