თანამედროვე ბრიტანელმა პროფესორმა, რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე, დონალდ რეიფილდმა ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიკა თარხან - მოურავი ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანელმა პროფესორმა განაცხადა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა.
ღონისძიება ლონდონში, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ მოაწყვეს, თუმცა ირკვევა, რომ მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთი დუმბაძე მას არ დასწრებია:
"დღეს მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო." წერს სოციალურ ქსელში ლიკა თარხან - მოურავი.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, საელჩოდან გამოსულ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს იქ მცხოვრები ქართველები პროტესტით დახვდნენ.