"იმყოფება ძალზედ მძიმე ანტისანიტარიულ საკანში, სადაც არიან ტარაკნები, ვირთხები" | ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძეზე

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ვირთხებით და ტარაკნებით სავსე სამარტოო საკანში გამოკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს

მისივე თქმით, ამ ფორმით რეჟიმს მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძის გატეხა სურს. 

"იყო იურისტი შესული გიორგისთან მოსანახულებლად. ამ მომენტში იმყოფება ძალზედ მძიმე ანტისანიტარიულ საკანში, სადაც არიან ტარაკნები, ვირთხები, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო სრული შიმშილობა. იქიდანაც აგრძელებს ბრძოლას, არის ძლიერად, რაც მთავარია ფსიქოლოგიურად. მინდა მივმართო რუსულ რეჟიმს, გიორგი გაბიტაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, რომ გიორგის ოთხ კედელში ვერ გააჩუმებენ. ეს არ იქნება მისთვის დაბრკოლება.

ამ ტერორს მთელი საქართველო უყურებდა და ადევნებდა პირდაპირ ეთერში თვალს. ჯერ იყო შემოთვლები, რომ გაჭყლეტდნენ ციხეში და მის ხმას ჩაახშობდნენ ციხეში სუპერკრიმინალების დახმარებით. სრული დისკომფორტის შექმნით ჰგონიათ, რომ ვიღაცებს გატეხავენ. შეიძლება ვიღაცები გაუტეხავთ, მაგრამ გიორგი ჩიკვაიძის გატეხვა შეუძლებელია. გიორგის მოწოდებაა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანმა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბიძინა ივანიშვილზე დიდი დრაკონი ამ ქვეყანაში არ არის, მასთან ბრძოლამ ვერ გატეხა და ვირთხა ვერანაირი დაბრკოლება ვერ იქნება მისთვის," - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში გუშინ, 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

ჩიკვაიძის საქმე:

გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

გამოძიების ინფორმაციით, შპს „ელთ ბილდინგისთვის" გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი