სარფის საბაჟოზე 95 425,93 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,"სარფში" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს, ხოლო საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საერთო ჯამში - 170,08 გრამი. 

გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 425,93 ლარი შეადგინა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საზღვრის მკვეთ პირს ოქროს ნივთები, ტანსაცმლის ქვეშ, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ ოქროს ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა სგპ "სარფში". საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საერთო ჯამში, 170,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35.61 გრამი) შეეცადა. 

ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 425,93 ლარი შეადგინა. 

სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 20 130,16 ლარის ოდენობით შეეფარდათ," - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი