საპატრულო პოლიცია 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე, 849 500 ლარად ყიდულობს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე 849 500 ლარად ყიდულობს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა. გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 2 907 ერთეული კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამული უზრუნველყოფა, შეუძლებელია ამ სისტემაში სხვა წარმოების კამერების ჩართვა, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად," - წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საპატრულო დეპარტამენტი აღნიშნულ შენაძენს ბოლო პერიოდში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი რაოდენობითა და დაზიანებული კამერების ჩანაცვლებით განმარტავს. ასევე აღნიშნავს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა...

მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა…" - წერია დოკუმენტში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, "პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი