"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვების მომსახურების შესაძენად 13 ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 5 ტენდერი ჩავარდა. ჩავარდნილი ტენდერების პარალელურად, შსს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე თანხმობისთვის მიმართავს, რაც ნაკლებად გამჭვირვალეა და კორუფციის რისკებს ზრდის.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზი კი საკმაოდ ხშირად ის არის, რომ შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უარყოფითი შედეგებით მთავრდება.
2024 წლის იანვრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთო ჯამში 14 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესაძენად (კლასიფიკატორის კოდი: 55500000). გამოცხადებული ელ. ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 5,904,552 ლარია, საიდანაც ყველაზე მეტი, 3,617,860 ლარი შპს ტანდემს 2025-2026 წლებისთვის კვებითი მომსახურების მიწოდებისთვის გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შსს-ს მიერ გამოცხადებული 13 ელ. ტენდერიდან 5 ჩავარდა. უფრო კონკრეტულად, ორი მათგანი საერთოდ არ შედგა, ერთი შეწყდა, ორი კი უარყოფითი შედეგით დამთავრდა, რისი მიზეზიც კომპანიების დისკვალიფიკაცია გახდა.
ჩავარდნილი ელ.ტენდერების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მიმართავს შესყიდვების სააგენტოს იგივე მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე თანხმობის მიღების მიზნით," - წერს "ფლანგვის დეტექტორი".
"ფლანგვის დეტექტორი" აღნიშნავს, რომ გამარტივებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც შემსყიდველი საჯარო უწყება/მუნიციპალიტეტი ყოველგვარი კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით აფორმებს კომპანიასთან ხელშეკრულებას. გამარტივებული შესყიდვების გამოცხადება მიზანშეწონილი და გამართლებულია ისეთ შემთხვევებში, თუ, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ან საქმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც კორუფციის რისკებს ზრდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთ წელში შსს-მ 24-ჯერ მოითხოვა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა, მათი ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.
"საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებების გაფორმება ხშირად სცდება ფორს-მაჟორულ სიტუაციებს და საქმე კორუფციულ შემთხვევებთან გვაქვს. ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც თავის მხრივ კორუფციის რისკებსაც ზრდის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში" მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 500 ლანჩის ნაკრების შესასყიდად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56,925 ლარი დაიხარჯება შსს-ის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც 96 დღის განმავლობაში მშვიდობიან პროტესტანტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ან/და არაკანონიერად აკავებდნენ.
2024 წლის იანვრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგო ელ.ტენდერების პარალელურად სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შეძენაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 24-ჯერ მიმართა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 2,134,679 ლარს შეადგენს," - წერს "ფლანგვა"
"ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, სავარაუდოდ, შსს-ის ტენდერები შეიცავს პირობებს, რომლებსაც ბაზარი ვერ აკმაყოფილებს, ან კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობა არ უნდათ.
"აშკარაა, რომ შსს წლებია ვერ უზრუნველყოფს ელ.ტენდერების გზით ხელშეკრულების გაფორმებას ისეთ კომპანიასთან, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას სტაბილურად გაუწევს, შესაბამისად, თითქმის ყოველ თვეში შსს გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებაზე შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს. სავარაუდოა, რომ შსს-ს გამოცხადებული ელ.ტენდერები შეიცავს ისეთ პირობებს, რომლებსაც ბაზარზე არსებული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შსს-ს ტენდერებში მონაწილეობა არ უნდათ, ეს კი თავისთავად ტენდერის ჩაშლას იწვევს. ჩაშლილი ტენდერების გამო სამინისტროს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით თვითონ შეარჩიოს მიმწოდებელი კომპანია, რომელთანაც ათასობით ლარის ხელშეკრულებას გააფორმებს," - წერს ორგანიზაცია.