ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი საგარეო საქმეთა არალეგიტიმურ მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საგარეო უწყებამ გაავრცელა, მოგვიანებით კი საელჩომ.
აღსანიშნავია, რომ საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საელჩოს განცხადებისგან განსხვავდება. ინფორმაციაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ამერიკელმა დიპლომატმა მაკა ბოჭორიშვილს "პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო".
"დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება", - წერია საელჩოს განცხადებაში.
რაც შეეხება უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, მასში წერია, რომ "შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის".