სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ბოლო 4 წელში, 11 მშობიარობის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2021-2024 წლებში პროფესიული განვითარების საბჭომ, მშობიარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განიხილა 11 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით, 1 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - "მეანობა-გინეკოლოგია", 1 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება," - აღნიშნულია გამოთხოვილ ინფორმაციაში.
ასევე, 2021-2024 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შედეგად, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენის გამო, შედგა 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჯამში, საჯარიმო თანხამ 127 000 ლარი შეადგინა.