მოთხოვნის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერი მიიღეს. ეთერში ორი სტუდენტის - ნინი გოგიას და თემო ვაჭარაძის გარდა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც მაუწყებელს დისტანციურად ჩაერთო.
როგორც შალუტაშვილმა აღნიშნა, "პრობლემა, რომელიც მწვავედ იდგა 2 დღის წინ, აღარ არსებობს". მისი თქმით, მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, შეეცვალა ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი მკაცრი დისციპლინური ზომა, რის საფუძველზეც სტუდენტებს უნივერსიტეტიდან აღარ გარიცხავენ.
შალუტაშვილმა თქვა, რომ მზად არის სტუდენტების კითხვებს პასუხი გასცეს და ყველა პრობლემური საკითხზე იმსჯელონ. ამასთან, რექტორმა წამყვანის 2 კითხვას უპასუხა და ეთერი დატოვა. სტუდენტებმა მას კითხვები ვერ დაუსვეს.
"დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა, თანამშრომლობა, სწავლა და რასაკვირველია, მე მზად ვარ გავითვალისწინო, გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას... მზად ვარ ყოველგვარი წინაპირობებისა და წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა, გვაქვს ამისი სივრცე, გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შეგვიძლია გავხსნათ, მაგალითად, სადისკუსიო კლუბი", - თქვა შალუტაშვილმა ეთერის დატოვებამდე.
მოგვიანებით განცხადებები, ნინი გოგიამ და თემო ვაჭარაძემ გააკეთეს და თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ საპროტესტო ტალღასა და ეთიკის კომისიის მიერ მათთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტაზე ისაუბრეს.
ნინო გოგიას თქმით, განათლების მინისტრის ბრძანებით, ეთიკის კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე. გარდა ამისა, გოგია ამბობს, რომ თავიდან თუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ სტატუსი არ უნდა შეწყვეტოდათ და ახლაც ასე ფიქრობენ, არ იღებენ არც გაფრთხილებას, რადგან "ეს ქმედება სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია".
"დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პირველ რიგში, კანონს და მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას", - განაცხადა გოგიამ.
თემო ვაჭარაძის განცხადებით კი, თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრმა, გიორგი ფხაკაძემ მათ "სუნიანები" უწოდა, პატიმრების ბანერებს კი - "ძონძები".
სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი კვლავ მოითხოვენ რექტორის გადადგომას, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
10 მარტს გახდა ცნობილი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს.
იხილეთ ასევე: