ჭავჭავაშიძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. "მთავარი არხის" ვებგვერდს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ჭავშავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც.