ოლიგარქის პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხება I მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებას 83 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. ამ ცვლილების შესახებ 17 მარტს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
კანონპროექტის თანახმად, "სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია".
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
ამავე კანონპროექტის თანახმად იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. იზრდება ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობის ან მოხმარების შემთხვევაში. ნარკოტესტირებაზე 2-ჯერ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.