თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 მარტს, რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად, დროებით შეიზღუდება.
უწყების ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 მარტის 00:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პლეი-ოფის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, 21:00 საათზე, ერევანში გამართავს.