თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია ცხადდება. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა დღეს, 20 მარტს მიიღეს.
"ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ" - წერია ბრძანებაში.
თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არამარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული რეორგანიზაცია.
თბილისის მერიიდან უკვე გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.