კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში | კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელში გარკვეულ საკითხებზე დამოკიდებულება გაუარესებულია
გამოქვეყნდა:
"კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება" - აღნიშნული კვლევა მომზადებულია "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით, შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კვლევის ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. კვლევა ეფუძნება "კაცები და გენდერული ურთიერთობები (IMAGES)" მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოში პირველად 2013 წელს იქნა გამოყენებული.
კვლევის თანახმად, ქალებისა და კაცების მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმები გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების მიმართ მსგავსია. 2019 წლის შემდეგ, უარყოფითად არის შეცვლილი ქალების მიერ უფლებების გამოყენებასთან და სამუშაო შესაძლებლობებთან დაკავშირებული აღქმები.
2024 წელს, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ქალების მიერ უფლებების მიღება და დასაქმება ნიშნავს ქალების მიერ კაცებისთვის უფლებების (2024-18.7%; 2019-10.3%) ან სამუშაოს (2024-20.7%; 2019-7.6%) წართმევას.
ყოველი მესამე კაცი, ან მეტი მოიაზრებს, რომ მემკვიდრეობითი ქონება ვაჟს უნდა ერგოს. ქალების შემთხვევაში, ამას ეთანხმება ყოველი მეოთხე ან მეხუთე. 2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ქალები ემხრობიან მშობლების სახლის, მიწისა და ოჯახის ბიზნესის თანაბარ განაწილებას. საპირისპიროდ, 2024 წელს კაცები ნაკლებად უჭერენ მხარს მიწის, ძვირფასეულობის, მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის და-ძმაზე განაწილებას.
კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებები ჯერ ისევ მყარად არის გამჯდარი საზოგადოებაში როგორც ქალებში, ასევე კაცებში. 2024 წელს დაახლოებით ყოველი მეორე ქალი და 3 კაციდან 2 ამბობს, რომ არასდროს ეყოლებოდა ჰომოსექსუალი მეგობარი, ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება, და მათთვის უხერხული იქნებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ავლენს, აღსანიშნავია, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, 2024 წელს დამოკიდებულებები გაუმჯობესებულია.
უმეტეს შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები მიმღებლობით ხასიათდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალების მეოთხედის და კაცების მესამედის თანახმად, შშმ მეუღლე ან პარტნიორი ვერ ეყოლებოდა. ყოველი მეხუთე ქალისთვის და ყოველი მეოთხე კაცისთვის უხერხული იქნებოდა შშმ შვილის ყოლა. ამ თვალსაზრისით, 2019 წელთან შედარებით, მცირედი გაუარესება შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით, მოსახლეობაში მხარდამჭერი ტენდენციები ვლინდება, რესპონდენტების ცნობიერებაში პოლიტიკა კვლავ რჩება მასკულინურ სფეროდ.
3 რესპონდენტიდან 2 თვლის (58%), რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები. სქესის მიხედვით, ამ მოსაზრებას კაცების 69% და ქალების 48.4% უჭერს მხარს. რესპონდენტები მიუთითებენ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის პოზიტიურ გავლენაზე. კონკრეტულად, ქალების 71.6% და კაცების 51.8% თვლის, რომ უფრო მეტი ქალის ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას 2019 წელს ქალები და კაცები მსგავსი პროპორციით უჭერდნენ მხარს. მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, მოსახლეობის ნახევარი კვლავ მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კაცებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე ქალებს. ამ აზრს დაეთანხმა ქალების 48.6% და კაცების 66.1%.
სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლები დაბალია როგორც ქალებში, ასევე კაცებში; თუმცა, შეინიშნება სქესის მიხედვით გარკვეული განსხვავებები:
კაცების მესამედი ამბობს, რომ დასწრებია მშვიდობიან დემონსტრაციას, ხოლო, ქალების შემთხვევაში, ასეთი არის მეოთხედი. მეორე მხრივ, ქალებს (17.1%) შედარებით ხშირად დაუფიქსირებიათ თავიანთი აზრი სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე, ვიდრე კაცებს (13.8%).
მიუხედავად იმისა, რომ ქალი და კაცი რესპონდენტები ქალის მიერ სამსახურის ქონას უპირატესობას ანიჭებენ, პარალელურად მიაჩნიათ, რომ ქალის პრიორიტეტები ტრადიციულ საქმიანობებზე უნდა ორიენტირდეს.
კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო კარგი ცოლი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ დააყენებს.
რაც შეეხება აუნაზღაურებელი შრომის განაწილებას, ოჯახში ქალებს თითქმის სრულად საკუთარ თავზე აქვთ აღებული საოჯახო საქმიანობები. ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობას მეტწილად ქალები იღებენ საკუთარ თავზე, თუმცა ამ პროცესში კაცებიც მნიშვნელოვანი დოზით მონაწილეობენ. საოჯახო და სამსახურის საქმეების ერთმანეთთან შეთავსების შესაძლებლობა კაცებს მეტად აქვთ, ვიდრე ქალებს. კაცებისა და ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ კმაყოფილია წყვილს შორის მოვალეობების არსებული განაწილებით. ბავშვის აღზრდაში მამის როლი ფასდება როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა აღზრდაში პრაქტიკული მონაწილეობა კვლავ ქალის პასუხისმგებლობად რჩება. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმიანობების მიმართ კონსერვატიული შეხედულება 2024 წლის კვლევაში გამყარებულია. ფოკუს ჯგუფებში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, რეპროდუქცია (დედობა) არის ქალის მთავარი ფუნქცია, ხოლო კაცის მოვალეობაა - ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ყოველი მეოთხე ქალი ამბობს, რომ პარტნიორთან ყოველდღიური პრობლემების შესახებ ბოლოს დიდი ხნის წინ ილაპარაკა, ან არასდროს ულაპარაკია.
10 ქალში 1 მაინც მიუთითებს, რომ კაცი პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ეკონომიკური ძალადობა. ქალები შედარებით ხშირად მიუთითებენ პარტნიორის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ვიდრე ამას კაცები აღიარებენ ქალი პარტნიორის მიმართ. ქალების 4.5%-ს განუცდია პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა.
ქალ პარტნიორზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის ფორმები ნაწილობრივ ნორმალიზებულია და მათ კაცები შედარებით ხშირად მიიჩნევენ დასაშვებად.
კაცების თითქმის ნახევარი თვლის (46.3%), რომ ძალადობა ქმარსა და ცოლს შორის პირადი საკითხია და სხვები ამაში არ უნდა ჩაერიონ, რასაც ქალების 37.4% ეთანხმება. 2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია რესპონდენტების წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შესანარჩუნებლად.
გაუპატიურების შესახებ მითების კაცებს უფრო სჯერათ, ვიდრე ქალებს.
თითქმის ყოველი მესამე კაცი ეთანხმება, რომ გაუპატიურების შემთხვევის დროს ისმის კითხვა, ხომ არ აქვს გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ასევე, თუ ქალი ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება კაცს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო. ამ დებულებებს ყოველი მეოთხე ქალი ეთანხმება.
კაცების მეხუთედი თვლის, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ, რასაც ქალების 12.1% ეთანხმება. ყოველი მეხუთე კაცი, ასევე, თვლის, რომ ზოგადად, როდესაც ქალს აუპატიურებენ ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. ქალებს შორის ამ მოსაზრებას 10.9% ეთანხმება. კაცების 17.1% და ქალების 14.2% თვლის, რომ თუ ქალს ფსიქო-სოციალური საჭიროებები აქვს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო.
2019 წელთან შედარებით, 14.4%-იდან 21.2%-მდე არის გაზრდილი კაცი რესპონდენტების წილი, ვინც გაუპატიურების შემთხვევას ქალის დაუდევრობას უკავშირებს. მეორე მხრივ, კაცების წილი, ვინც თვლის, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის გარეშე ინციდენტი არ განიხილება, როგორც გაუპატიურებ, 50.4%-იდან 35.1%-მდე არის შემცირებული. კაცების 20.2% მიიჩნევს, რომ ქალებს რეალურად სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 32.9% იყო.
კაცებისა და ქალების ნახევარი მიიჩნევს, რომ წყვილმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, რა სახის კონტრაცეფციის საშუალებას გამოიყენებენ.
10 კაციდან 4 თვლის, რომ ორსულობისგან თავის დაცვა ქალის პასუხისმგებლობაა, რასაც ქალების მესამედი ეთანხმება. მეორე მხრივ, მსგავსი პროპორციით, კაცების 42.8% და ქალების 30.9% ფიქრობს, რომ ქალები, რომლებიც კონდომს ატარებენ, ადვილად ხელმისაწვდომები არიან. დამატებით, კაცების მესამედი და ქალების მეხუთედი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ქალმა ქმარს კონდომის გამოყენება მოთხოვოს. კაცების ნახევარი, ხოლო ქალების 2/5 თვლის, რომ კაცები მუდამ მზად არიან სექსისთვის. გარდა ამისა, კაცების მეოთხედი ფიქრობს, რომ კაცს სხვა ქალებიც სჭირდება, მაშინაც კი, თუ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს. ასეთ მიდგომას ქალების 12.9% ეთანხმება. 2019 წელთან შედარებით 64.9%-იდან 55.7%-მდე არის შემცირებული კაცების წილი, ვინც თვლის, რომ კაცები მუდამ მზად არიან სექსისთვის. ხოლო 39.9%-იდან 27.3%-მდე არის შემცირებული კაცების ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ კაცს სხვა ქალებიც სჭირდება.
დაბალია კაცების წილი, ვინც ამბობს, რომ თავიანთი შვილის დაბადებას დასწრებია.
ქალებისა და კაცების ნახევარი თვლის, რომ არ არის მისაღები კაცი დაესწროს თავისი შვილის დაბადებას, ხოლო დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ ასეთი პრაქტიკა მისაღებია.
რესპონდენტები ადასტურებენ, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში უხასიათოდ ყოფილან, თუმცა ამბობენ, რომ თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები არ ჰქონიათ.
როგორც ქალების, ასევე კაცების ნახევარზე მეტი აფიქსირებს, რომ რაიმეს გაკეთების სურვილი ნაკლებად გასჩენია (ქალი-58%, კაცი-53.4%). რესპონდენტების თითქმის ნახევარი ადასტურებს, აგრეთვე, რომ გასულ 2 კვირაში ჰქონდა ენერგიის ნაკლებობის, დეპრესიის და იმედგაცრუების შეგრძნება.
კაცები ბავშვობის პერიოდში ოჯახში ან სკოლაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი შედარებით ხშირად გამხდარან, ვიდრე ქალები.
კაცების მეხუთედი ამბობს, რომ მოზარდობის პერიოდში მშობლებმა სახლში სცემეს ან სილა გააწნეს. ასეთი გამოცდილება ჰქონია ქალების 13.7%-ს. გარდა ამისა, კაცების 14.8% ამბობს, რომ მოზარდობისას მასწავლებელმა სცემა ან ფიზიკურად დასაჯა სკოლაში. ქალებისა და კაცების 5% ამბობს, რომ, სანამ 18 წლის გახდებოდა, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. კაცებისა და ქალების დაახლოებით 6% ადასტურებს, რომ მოზარდობის პერიოდში უნახავს ან გაუგონია როგორ სცემდა დედას მისი ქმარი ან პარტნიორი. ბავშვების ფიზიკურ დასჯას ხშირად ან ძალიან ხშირად მიმართავს ქალების 29% და კაცების 25.1%.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს საქართველოს 11 რეგიონს. რაოდენობრივი კომპონენტი ჩატარდა პირისპირი გამოკითხვის მეთოდით და კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 18 წლის და უფროსი ასაკის რესპონდენტებმა. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდა საქართველოს შერჩეულ 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 2408 პირისპირი ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები წარიმართა 2024 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში.