ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, რეჟიმის პატიმარი თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს.
"მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო… მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი,"- წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ იძალადა.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი მისი ქვეყნიდან გაძევების საქმეზე.