"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ჩარეული"... | საზმაუს ბორდი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ, პროკურატურისთვის მიმართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა დაასრულა.  

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმე მათ კომპეტენციას ცდება. ბორდმა უსაფუძვლოდ მიიჩნია თანამშრომლების ბრალდებები და მოტივების დასადგენად საბჭოს 8 წევრმა არხის მენეჯმენტს ურჩია, რომ პროკურატურისთვის მიემართათ. 

სამეურვეო საბჭოს წევრებმა ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ, "სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში" დაადანაშაულეს. 

"ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენ კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვნენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა". - განაცხადა გია მურღულიამ.

ბორდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კოხრეიძე კი ამტკიცებდა, რომ კახა მელიქიძემ "სპორტში პოლიტიკა შემოიტანა"

სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ და რითი დასტურდება. ერთი იყო წერილი, რომელიც უფლებას გაძლევს აჩვენო VIP ტრიბუნა და არა უკაცრავად, მაგრამ ქანდარაზე შემომჯდარი პრეზიდენტი. ვინ იპოვა ის, რომ პრეზიდენტი აჩვენა და ეს არ იყო VIP ტრიბუნა. ეს ფაქტი არის თუ არა პოლიტიკის შემოყვანა, რაც მან შემოიყვანა. " თქვა კოხრეიძემ. 

როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომაზე განაცხადა, არის ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ საკითხი პროკურატურამ შეისწავლოს. 

"ამისი ესე დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება... არ შეიძლება მე თვალები დავხუჭო იმაზე, ეს ამდენი ტყუილი რატომ დაემთხვა ერთმანეთს... მე ძალიან მიზანშეწონილად მგონია, რომ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს პროკურატურამ. რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად, რატომ არის ეს ამბები გადაბმული ერთმანეთზე. ეს თუ ჩვენ ესე არ გავაკეთეთ, იქნება განუწყვეტელი პროვოკაციები. ეს იქნება, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და უკვე აქედან გამომდინარე... ეს არცერთი მათი თვითშემოქმედება არ არის, ეს შემთხვევით არ ხდება... ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული"- თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.

 საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, თამილა დოლიძემ კი "მასონთა ლოჟაზე" ისაუბრა - "შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული," - თქვა მან.

პროკურატურის პირდაპირ ჩართვა მოითხოვა გიორგი იაკობაშვილმა -  “დიახ, აქ საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს," - ამბობს ის

ტელეწამყვანებზე მსჯელობა ბორდმა გუშინ, ქართული ჟურნალისტიკის დღეს დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი