ელბაქიძეზე 7 შენობის აშენება იგეგმება, მათგან ყველაზე მაღალი 31-სართულიანი იქნება | მორიგი მასშტაბური მშენებლობა თბილისის ცენტრში (ფოტოები)

გამოქვეყნდა:

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის) და ზვიად გამსახურდიას სანაპიროს შორის 7 შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 31 სართულიანი შენობაა. კერძოდ N1, N2 და N3 შენობის სართულიანობა არის 4-6 სართული, N4 და N5 შენობა 5-სართულიანი, შენობა N6 კი 31 სართულიანი იქნება, ხოლო შენობა N7-ის სართულების რაოდენობა არის 14.

საქანელას ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია სწორედ ის ადგილია, სადაც წლების წინ ტრამპ თაუერის აშენება იგეგმებოდა. პროექტის მესაკუთრე და დეველოპერი Silk Road Group-ი იყო. თუმცა პროექტი აღარ განხორციელდა.  აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე კვლავ Silk Road Group-ი და მასთან დაკავშირებული კომპანიები არიან. თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურისგან მშენებლობის ნებართვას კი ერთ-ერთი მათგანი შპს "საქანელა დეველოპმენტი" ითხოვს.

არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზე ატვირთულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს  შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.

მრავალფუნქიცური კომპლექსის აშენება 2019 წლიდან იგეგმება. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომპანიამ პროექტი მცირედით შეცვალა, რითაც ფართობი და სხვადასხვა პარამეტრი გაიზარდა და მერიისგან ახალი პროექტის დამტკიცებასაც ითხოვს.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება საავტომობილო გზა, სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,  დასავლეთით ელბაქიძის დაღმართი და აღმოსავლეთით მტკვრის მარჯვენა სანაპირო. მიწის ნაკვეთის კონკრეტული ფუნქციური ზონა განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1.   განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: კ-1=0.5;  კ-2=3.0;  კ-3=0.3.

მიწის ნაკვეთის ფართობი 22 908.08 კვ.მ-ია. განაშენიანების ფართობი 3712.8 კვ.მ. საერთო ფართობი 48154.5 კვ.მ იქნება, საიდანაც 23652.7კვ.მ საცხოვრებელი,  2040.3 კვ.მ საოფისე, 1256.1 კვ.მ - კომერციული, 4058.2 კვ.მ  კი საზაფხულო ფართი იქნება. 8845.1 კვ.მ-ს მოიცავს კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართი. 1701.3 კვ.მ იქნება დამხმარე ფართობი, 6600.8 კვ.მ კი ავტოსადგომს დაეთმობა.

საპროექტო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს IV კლასის საცხოვრებელ შენობას, რომელიც შეესაბამება არსებულ ზონირებას. ობიექტი შედგება 2 მიწისქვეშა (7.8 მ) და 31 მიწისზედა სართულისგან (113.3მ)

საპროექტო შენობის ფასადების ძირითადი ნაწილი მოპირკეთებულია მეტალის წინასწარ დამუშავებული სპილენძის პანელით, ხოლო -8,200 ნიშნულიდან +10,800 ნიშნულამდე გამოყენებულია ნაცრისფერი ბუნებრივი ქვა რელიეფური ფასადით.  კარ-ფანჯრებისთვის გამოყენებულია ანტრაციდის ფერის ალუმინის ჩარჩო. მოაჯირისათვის გამოყენებულია ლითონი და მინა.  ობიექტის ძირითად სტრუქტურულ სისტემას წარმოადგენს  რკინა-ბეტონის სვეტებისგან შემდგარი კარკასი, რომელიც მოწყობილია რკინა ბეტონის ხიმინჯებზე.

ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხუთსართულიანი შენობა, ამ სახლში 1913 წლიდან 1937 წლამდე, (კომუნისტური რეჟიმის მიერ სიკვდილით დასჯამდე) ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. შენობის გარკვეულ ნაწილში ამჟამად მისი სახლმუზეუმი ფუნქციონირებს. აღნიშნული შენობა საპროექტო ნაგებობის კონტურიდან, უმოკლესი მანძილით დაშორებულია 3,63 მეტრით. როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ საექსპერტო დასკვნაშია ნათქვამი, საჭიროა მოხდეს ამ შენობის აღდგენა-გაძლიერება. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ კი მშენებლობის  პერიოდში მის კონსტრუქციულ მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე ზეგავლენა არ იქნება.

საპროექტო არეალად გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (22 908 კვ.მ) მდებარეობს 683 ძირი მწვანე ნარგავი. პროექტის განხორციელებისთვის დაგეგმილია 185 ძირი მწვანე ნარგავის მოჭრა, საიდანაც 89 ჯანსაღი ხეა. ასევე დაგეგმილია პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი, 251 ძირი მწვანე ნარგავის გადარგვა. კ-3 გამწვანების კოეფიციენტით დადგენილ ფართობზე (6 879.5 კვ.მ) გათვალისწინებულია 208 ძირი მწვანე ნარგავის არსებული სახით შენარჩუნება, ხელისშემშლელი 251 ძირი მწვანე ნარგავის გადარგვა, ასევე, ზეხმელი/ხმობადი მწვანე ნარგავების მოჭრის ნაცვლად საკომპენსაციოდ 50 ძირი მწვანე ნარგავის და დამატებით 10 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა მშენებელობის ვადა დაახლოებით 4 წელია.

მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შევიდა. ამ დროისთვის შუალედური გადაწყვეტილებაა მიღებული და კომპანიას არქიტექტურის სამსახურმა ხარვეზების გამოსწორებისთვის დრო მისცა.

Silk Road Group-ის სახელს თბილისის ცენტრში არაერთი ისტორიული შენობა უკავშირდება, რომლებიც პირველი რესპუბლიკის მოედნის ირგვლივ მდებარეობს მათ შორის ყოფილი ფოსტის შენობა, სადაც სასტუმრო "ტელეგრაფია" განთავსებული და მელიქ აზარიანცის სახლი, რომელიც  შოთა რუსთაველის გამზირზე 37 ნომერში მდებარეობს (შენობის, კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცესი სილქ როუდ ჯგუფმა ეტაპობრივად 2007 წლიდან დაიწყო და ამჟამად კომპანია მთლიანი ფართობის 80%-მდე ფლობს. დარჩენილ ფართში რჩებიან ბინებისა და კომერციული ფართების კერძო მესაკუთრეები.) "სილქ როუდ გრუფში" შემავალი "სილქ ჰოსპიტალიტის" და მსოფლიო სასტუმროების იდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფის Radisson Hotels Group-ის თანამშრომლობის ობიექტს წარმოადგენს ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაც".

აღსანიშნავია, რომ შპს "საქანელა დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს "სილქ რიალ ისთეითია". რომელთან დაკავშირებულ პირებსაც მმართველი პარტიებისთვის 240 000 ლარი აქვთ შეწირული. 2012 წელს 120 000 ლარი ნაციონალური მოძრაობისთვის, 2020 წელს კი 120 000 ქართული ოცნებისთვის.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი