არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გააგზავნის. არგუმენტად ე.წ. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დასახელდა.
"მე მინდა სამდივნოს ვთხოვო, რომ მამუკა ხაზარაძის ნაწილში სასწრაფოდ თავი მოუყაროს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არის შეკრებილი მის შეტყობინებასთან დაკავშირებით და მოამზადოს წერილი კომისიისთვის, რომ დღესვე ეს საქმე გადაიგზავნოს პროკურატურაში", - თქვა ე.წ. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმური საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირეს.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
რაც შეეხება კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, წულუკიანის თქმით, მასთან დაკავშირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მან ე.წ. კომისიას ბადრი ჯაფარიძისთვის დამატებითი დროის მიცემა შესთავაზა - პოლიტიკოსს 14:00-დან 16:00-მდე დაელოდებიან.