ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ, ქართველ ბლოგერს, კუკური ბარამიძეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც დომენიკ მანგო, დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ის დამნაშავედ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს
"ეს გადაწყვეტილება რამდენად კომიკურია, იქიდანაც ჩანს, რომ მის შესახებ ნიუსებიდან შევიტყვე... რასაც მე უკრაინაში ვაკეთებდი და მიზეზი, რისთვისაც იქ წავედი იყო ის, რომ ომში მყოფ ქალებს და ბავშვებს დავხმარებოდი. 130 ადამიანი გავიყვანე იმ საშინელი პირობებიდან და არამხოლოდ გავიყვანე, ვეხმარებოდი დაბინავებაში და ა.შ... და ამის გამო გისჯიან 7 წელს რუსები. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დონეცკი ოკუპირებულია და რუსეთის დაქვემდებარებაშია. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი უხარია - თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ვინმე თუ აღმოჩნდება მაგ სასჯელის ქვეშ, უნდა ეამაყებოდეს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად სწორი ნაბიჯები გადაუდგამს", - ამბობს ბლოგერი "მთავარი არხის" ციფრულ დეპარტამენტთან